ინგლისური ენის არცოდნა დიპლომზე აისახება

განათლების მინისტრის ბოლო ინიციატივა - ინგლისური ენის ცოდნა ყველა სპეციალობის სტუდენტისთვის სავალდებულო ხდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, სტუდენტი რომელიც ინგლისურ ენას ვერ ჩააბარებს დიპლომის გარეშე დარჩება.
,,2011 წელს დიპლომს ვერ მიიღებს სტუდენტი, თუ არ ჩააბარებს ინგლისურ ენას”,_პირველად ეს ინიციატივა, დიმიტრი შაშკინმა, ბათუმში, მთავრობის გასვლით სხდომაზე გააჟღერა.

სიახლეს სტუდენტების უმრავლესობა უარყოფითად შეხვდა, ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ და სასურველი უცხო ენა თავად უნდა აირჩიონ. მეორე ნაწილს კი მიაჩნია რომ, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტიმულია ინგლისური ენის შესასწავლად.

,,სტუდენტებმა უკეთესად ვიცით მომავალში რომელი უცხო ენა გვჭირდება, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ რისი სწავლა გვინდა და რისი არა, ამას მინისტრი არ უნდა გვიწყვიტავდეს,”-ამბობს ჰუმანიტარული ფაკულტეტის, პირველი კურსისი სტუდენტი, ელენე ზედგინიძე.

ელენეს უცხო ენად რუსული აქვს არჩეული, რადგან სკოლაში რუსულს სწავლობდა და შემდეგ ეროვნული გამოცდაც რუსულ ენაში ჩააბარა. ამბობს რომ მეორე კურსიდან რუსული ენის დავიწყება და ინგლისური ენის სწავლა მოუწევს: ,,უნივერისტეტში არ არის ინგლისურის ისეთი სწავლება რომ სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარო, ამიტომ მომზადება მომიწევს”.
სტუდენტები რომლებიც ინგლისური ენის სპეციალობაზე სწავლობენ, ამბობენ რომ მოსალოდნელი გამოცდა რთული არ იქნება და დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომს თავისუფლად აიღებენ.
,,ინგლისური საერთაშორისო ენაა და ყველამ უნდა იცოდეს. მე სკოლაშიც ინგლისურს ვსწავლობდი და აბიტურიენტობის პერიოდშიც ვემზადებოდი. ახლაც ინგლისურს ვსაწავლობ. ჩემი ძირითადი საგანია და ამიტომ დამატებითი გამოცდის ჩაბარება არ გამიჭირდება,”_ამბობს ჰუმანიტარული ფაკულტეტის, ინგლისური ენის სპეციალობის, მესამე კურსისი სტუდენტი, მანან ბერიძე.

სიახლეს უარყოფითად შეხვდა თურქული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი ია ჯინჭარაძეც. მას ინგლისური მეორე ენად აქვს არჩეული. სურვილი აქვს რომ მომავალში თურქული ენა კიდევ უფრო გააღრმავოს, რადგან ფიქრობს რომ ამ ენის ცოდნა მას წარმატებას მოუტანს, თუმცა აღნიშნული ინიციატივის შემდეგ აზრი შეიცვალა.
,,ამის შემდეგ ინგლისური ენის შესწავლას უფრო მეტ დროს დაუთმობ, მინდა თუ არ მინდა ასე უნდა მოვიქცე, თუმცა რამდენად შევძლებ ორივე ენის ათვისებას არ ვიცი. ინგლისურზე ძალიან თურქული ენის სწავლა მინდა, მაგრამ როგორც ჩანს არჩევანის საშუალება არ მაქვს”,_ამბობს ია ჯინჭარაძე.

სტუდენტების თქმით, სანამ სიახლე დაინერგება, განათლების სამინისტრომ მანამდე უნდა იზრუნოს უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლის ხარისხი გაზრდაზე. შეიქმნას სპეციალური პროგრამები, რომლის საშუალებითაც სტუდენტები შეძლებენ ინგლისური ენის შესწავლას იმ დონეზე, რომ შემდეგ სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდეთ და სტუდენტებს რეპეტიტორებთან სიარული აღარ მოუწიოთ.
,,უნივერისტეტში სომეხი ეროვნების სტუდენტებიც სწავლობენ, რომლებმაც ძლივს ისწავლეს ქართული და მათ როგორ უნდა ისწავლონ ინგლისური ისე რომ ამ საგანში სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება შეძლონ?! ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი პროგრამები რომ ინგლისური გაძლიერებულად ვისწავლოთ”_ამბობს ია ჯინჭარაძე.

ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტისა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმული ინიციატივები მიზნად ისახავს ინგლისური ენის პოპულარიზაციას. რამდენიმე თვეა ქართული ტელევიზიების ეთერში ფილმები ინგლისურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით გადის. საუბარია, იმაზეც, რომ კინოთეატრებში ფილმები ორიგინალ ენაზე უნდა გადიოდეს, ფილმების უმრავლესობა კი ინგლისურენოვანია.

მანანა სარაშვილი, ახალციხე  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი