არაქართველი აბიტურიენტებისთვის დაწესებულმა შეღავათებმა შედეგი გამოიღო

ახალქალაქელი აბიტურიენტების 80-მა პროცენტმა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა. 
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 116 ახალქალაქელი აბიტურიენტიდან, 80-მა პროცენტმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა. მათ ჯერ კიდევ არ იციან, მოუწევთ თუ არა სწავლის საფასურის გადახდა. სტუდენტებისთვის ჯავახეთიდან 100 უფასო ადგილია გამოყოფილი.

საქართველოში წელს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისა და აბიტურიენტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებაზე შეღავათების დაწესებამ. საქართველოს ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩააბარეს.
ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორის ნარცის კარაპეტიანის თქმით, უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რიცხვის ზრდას ქართული უმაღლესი სასაწვლებლების ხელმისაწვდომობამ შეუწყო ხელი.
,,საკმაოდ მოიმატა აბიტურიენტთა რაოდენობამ, რომელთაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა უნდოდათ, რადგან ეს გაცილებით გაიოლდა. ყველა აბიტურიენტმა ერთი გამოცდა – ზოგადი უნარ-ჩვევები სომხურ ენაზე ჩააბარა და 21 ქულაზე მეტი მიიღო'', - ამბობს ნარცის კარაპეტიანი.
რეგიონებიდან ქართულ უმაღლეს სასაწვლებლებში მოხვედრილთა რაოდენობა ჯერჯერობით ზუსტდება.
,,მოცემული მომენტისთვის ჩვენ სტუნდენტთა ზუსტი რიცხვი არ ვიცით. ჯერჯერობით, ასევე არ გვაქვს ინფორმაცია, რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდნენ ისინი. პირველი წლის განმავლობაში ახალგაზრდები ქართულ ენას ისწავლიან, რის შემდეგაც, ვინც შეძლებს, საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას'', - ამბობს მანუჩარ მიქელაძე, ახალქალაქის რესურსცენტრის სპეციალისტი.
გარდა იმისა, რომ არაქართულენოვანმა სტუდენტებმა მისაღები გამოცდები სხვებისგან განსხვავებულად ჩააბარეს, ისინი სწავლითაც სხვაგვარად ისწავლიან. მათი სასწავლო პროგრამა 1 + 4 პრინციპით წარიმართება, ანუ პირველი წელი მხოლოდ სახელმწიფო ენას ისწავლიან, შემდეგი ოთხი წელიწადის განმავლობაში კი სასურველ უმაღლესსა და ფაკულტეტებზე სპეციალობას უკვე ქართულ ენაზე დაეუფლებიან.
ახალქალაქის მკვიდრი გალინა ეგიაზარიანი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდა, თუმცა, ფასიანი იქნება თუ არა მისთვის სწავლა, ეს ჯერჯერობით არ იცის.
,,მე ერთი გამოცდა – ზოგადი უნარები ჩავაბარე, იოლი არ იყო, რადგან რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. ამბობენ, რომ სწავლის პირველი წელი უფასოა, მაგრამ ზუსტია თუ არა ეს ინფორმაცია, ჯერ არ ვიცი. სულ 35 ქულა დავაგროვე, ქართული ენა კი საშუალო დონეზე ვიცი'', - ამბობს გალინა.
გალინამ ქართული უმაღლესი სასწავლებელი აირჩია, რადგან მიიჩნევს, რომ აქ სწავლისა და ქართული ენის ცოდნის პირობებში სამსახურს უფრო იოლად იპოვის.
საქართველოში სწავლა იმავე მიზეზით გადაწყვიტა სოფელ აზარვეტის მცხოვრებმა სიპან შიბაქციანმაც, თუმცა, მისთვის განათლების ერევანში მიღება გაცილებით იოლი იქნებოდა, რადგან იქ ბინაც აქვს და ბევრი ნათესავიც ჰყავს.
,,მე ძმებს შორის უმცროსი ვარ და საცხოვრებლად, მშობლებთან ერთად, საქართველოში დავრჩები. საქართველოში სწავლაც ამიტომ გადავწყვიტე. სულ 39 ქულა დავაგროვე და თბილისში, ჯავახიშვილში ჩავაბარე. ფაკულტეტი ჯერ არ ამირჩევია, რადგან პირველი წელი მაინც მარტო ქართული უნდა ვისწავლო. ქართული ენა მხოლოდ ისე ვიცი, როგორც სკოლაში მასწავლიდნენ'', - ამბობს სიპან შიბაქციანი.
სანამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტით მოხვედრილთა რიცხვი ზუსტდება, სტუდენტები თბილისსა და სხვა ქალაქებში, სადაც მომდევნო რამდენიმე წელიწადი უნდა ისწავლონ, ბინების ძებნით არიან დაკავებულნი.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი