პრობლემები სომხურ სკოლებში

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სომხური ენის საათები რვიდან ხუთ საათამდე შემცირდა.
27 აგვისტოს, ჯავახეთში არაოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის განათლების მინისტრთან არმენ აშოტიანთან შეხვედრისას, ახალქალაქის თუმანიანის სახელობის #1 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, მინისტრს სომხური ენის საათების შემცირებაზეც ესაუბრნენ.
აქამდე სასწავლო გეგმაში სომხური ენისთვის კვირაში რვა სასწავლო საათი იყო გამოყოფილი, ამ წლიდან კი სომხურ ენას კვირაში მხოლოდ ხუთი საათი დაეთმობა. თუმცა აქ სხვა ნიუანსებიც არის გასათვალისწინებელი. სკოლის დირექტორს უფლება აქვს სასწავლო გეგმის მთლიანი საათების 25% სურვილის მიხედვით გადაანაწილოს, ანუ ერთი საგანი მეორეთი შეცვალოს, რაც სომხური ენის საათების გაზრდის შესაძლებლობას ქმნის, თუმცა, ეს ცვლილებები სკოლების ყველა პედ - კოლექტივში უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს და ზოგიერთ სკოლაში კონფლიქტური სიტუაცია იქმნება.

,,რატომ შეამცირეს სომხური ენის საათები? ნუთუ შეიძლება ბავშვებს სომხური ენა კვირაში ხუთ საათში ასწავლო, მით უფრო, რომ სომხური საკმაოდ რთული ენაა. მართალია, დირექტორს საათების გაზრდა შეუძლია, მაგრამ აქ უკვე სხვა სპეციალისტები ჩივიან, რომ სომხური ენის დრო მათი საგნების ხარჯზე იზრდება” - განუმარტა პრობლემის არსი სომხეთის განათლების მინისტრსა და შეხვედრის სხვა მონაწილეებს პედაგოგმა, რომელმაც არ ისურვა, რომ მისი სახელი გაზეთში დაბეჭდილიყო.

არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ახალქალაქის განათლების რესურს ცენტრის დირექტორი ნარცის კარაპეტიან ასე ხედავს: ,,უმეტეს შემთხვევებში სკოლებში შრომის საათები თავისუფალია, რადგან ჩვენ შესაბამისი სპეციალისტები არ გვყავს და შეიძლება ეს საათები სომხური ენისთვის გამოიყენონ. ან მაგალითად, მეოთხე კლასში ბუნებისთვის ოთხი საათია გამოყოფილი, მე თუ მკითხავთ, აქედან ორი საათის სომხური ენისთვის დათმობა თავისუფლად შეიძლება”.

სომხეთის განათლების მინისტრი მასწავლებლებს დაპირდა, რომ ამ საკითხს თავის ქართველ კოლეგასთან აუცილებლად მოაგვარებს, და ეს საკითხი პედაგოგთა კოლექტივისა და დირექტორის რათა სომხურ ენას რვა საათი სწორედ სასწავლო გეგმით გამოეყოს შეხედულებების იმედზე არ დარჩეს.

მინისტრი სომხურ სკოლებში არსებული სხვა აქტუალური პრობლემებითაც დაინტერესდა.

მასწავლებლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მას სომხეთიდან ყოველწლიურად გამოგზავნილი სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ინვენტარისთვის, თუმცა, დაამატეს, რომ სკოლებში ძალიან მცირე ოდენობით სასწავლო რვეულები, ცხრილები და გრაფიკებია, გეოგრაფიული რუკები კი საერთოდ არ არის.

არმენ აშოტიანმა ამ საკითხის მოგვარება მომავალი წლისთვის გადადო, რადგან წელს ჯავახეთისთვის განკუთვნილი გზავნილი უკვე მზადაა და მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროდან შესაბამის ნებართვას ელოდება. მინისტრმა მასწავლებლებს ასევე აცნობა, რომ წელს გამზადდა ორი ინტერნეტ სახელმძღვანელო და მალე კიდევ სამი იქნება მზად. ამ სახელმძღვანელოებით სარგებლობა ყველას შეეძლება. ისინი პირველი კლასის წიგნებია და განთავსებულია ვებგვერდზე: spyurq.dasagird.am

არმენ აშოტიანი შეხვედრის მონაწილეებს დაპირდა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან, საქართველოში სომხურ ენაში ოლიმპიადების ჩატარების თაობაზე გამართავს მოლაპარაკებებს, რათა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი გახდეს.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი